1) ასე დაიწყო…

დედისგან გადმოცემით ვიცი რომ ღრმა ბავშვობაში ჩვეულებრივი აღაგობის, არაფრით გამორჩეული ბავშვი ვიყავი. სადღაც 4-5 წლის ასაკში თირკმელებზე რაღაც პრობლემა შემქმნია. ზუსტ დიაგნოზს რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ის შედეგია რაც ამ დიაგნოზმა გამოიწვია. ძალიან ცუდად ვყოფილვარ. ბევრი უმკურნალიათ. მათ შორის იმ პერიოდისათვის უპოპულარესი – პრედნიზოლონით. ავადმყოფობის პერიოდში თურმე ძალიან, ძალიან გავხდი. წონის დეფიტიცი სახეზე ყოფილა. ერთმა ღვთისნიერმა ექიმმა, ერთ-ერთ უკრაინულ კურორტზე ურჩია ჩემს მშობლებს, ჩემი ზაფხულში წაყვანა. მათაც უკან არ დაუხევიათ და ასე აღმოვჩნდით ტრუსკავეცში “თირკმელების გასარეცხად”. 😀

ამ ფრაზაზე ახლაც მეცინება. მაგრამ ეს ერთ-ერთია, იმ პერიოდის ხმების, ფერისა და ფორმების, ასევე სუნების და არომატების მოგონებათა შორის და ძალიან მიყვარს.
აქვე პატარა ჩანართსაც გავაკეთებ: ერთხელ ამ ამბავს დედაჩემი ჩემს შვილს უყვებოდა, მანაც ბავშვური გულუბრყვილობით “გარეცხვა” პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო, მომიტრიალდა და მკითხა, ფხვნილიან წყალს თბილისში ვერ დაგალევინებდნენ, იმ სიშორეზე რას მიჰყავდითო….. 😀 😀 😀
მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო იმ ზაფხულს ჩემი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. მადაც მომმატებია, ჭამაც დამიწყია და ნორმალურ ადამიანსაც დავმსგავსებივარ. სწორედ იმ შემოდგომაზე დაიწყო ზუსტად ის ამბები, რასაც ახლაც გამწარებული, ხმალ-ამოღებული ვებრძვი.
თავიდან რომ ვიმატებდი, ოჯახის წევრებს თურმე ძალიან უხაროდათ. ადამიანს დაემსგავსაო. 😄
მე კიდევ ვიმატებდი.
და კიდევ…
და კიდევ…..
და კიდევ……..
ეს კი უკვე აღარ მოსწონდათ.
მაგრამ რა…..
მშიოდა და ვჭამდი. ბავშვობაში ჭამაზე წახალისებულს, მოზარდობაშიც შემომრჩა ეს ჩვევა.
მახსოვს დედას მოკრძალებული რჩევები კარაქი და პური ნაკლებად მეჭამა. 😞
ხომ გაგიგიათ, აკრძალული ხილი ტკბილიაო. ჰოდა, კარაქი და პური მაშინ კი არა, ახლაც უზომოდ მიყვარს. ოღონდ ეგ არის, რომ შეგნებულად არ ვჭამ. არ ვჭამ და მაინც ვსუქდები და მაგას რომ ვჭამდე 10-12 კგ კი არა, 100-120 კგ მექნებოდა ზედმეტი.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ჭარბი წონა 16 წლის ასაკში გავაცნობიერე და ჩემი ბრძოლა მასთან ამ ასაკშივე დაიწყო.
ამას კი უკვე ხვალ მოგიყვებით.

გუშინ კი, თქვენი დამსახურებით, ჩემმა დიეტის დღემ უნაკლოდ ჩაიარა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ მარწყვიანი ნაყინითაც კი ისე გავუმასპინძლდი ოჯახის წევრებს, არც კი გამისინჯავს. თქვენს მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა რომ არა, ჭამით, ოფიციალურად კი არ შევჭამდი, მაგრამ ფიალებში ამოღებისას რამდენიმე მათგანს აუცილებლად გადავსანსლავდი და იმ ნაყინის ამოსაღებ ბარაქიან კოვზსაც გემრიელად გამოვლოკავდი. 😀

აქვე ჩემს დიეტაზეც გეტყვით. დუკანის დიეტას სრულყოფილად არ ვაკეთებ. ვინც არ იცის მისი პრინციპი იმათთვის ვიტყვი რომ,
დუკანის დროს დაშვებული მრავალრიცხოვანი პროდუქტების სიიდან რასაც გინდა, რამდენსაც გინდა და როცა გინდა შეჭამ. თავად დიეტა 3 ეტაპად არის დაყოფილი. შეტევა, მონაცვლეობა და შენარჩუნება. პრინციპში მეოთხეც არის, რომელიც მთელი ცხოვრება რომ გრძელდება. ასე ზერელედ მას იმიტომ მოვიხსენიებ რომ მეოთხემდე ჯერ ვერ მივაღწიე. იმედია ახლა მაინც მივაღწევ.

დიეტის მეორე, ძირითადი, ყველაზე ხანგრძლივი ფაზა- მონაცვლეობა ორ ნაწილად არის გაყოფილი. არის დღეები როცა მხოლოდ ცილოვან პროდუქტებს იღებ და არის დღეები, როცა ცილასთან ერთად ბოსტნეულსაც მიირთმევთ. ჰოდა, “ჩემებური დუკანი” იმით განსხვავდება დუკანის დიეტისგან, რომ ვჭამ ყველაფერ იმას რაც დუკანის დიეტაშია დაშვებული, მაგრამ სუფთა ცილის დღეებს არ ვაკეთებ. ანუ ცილა+ბოსტნეული მაქვს ყოველ დღე. ასე კვებაც ბევრად მრავალფეროვანი გამოდის და ჯანმრთელობისთვისაც ნაკლებად საზიანოა. როგორც ცნობილია, დუკანის დიეტის ერთადერთი უკუჩვენება სწორედ არაჯანმრთელი თირკმელია. ჰოდა დუკანზე რომ ვიყავი, ერთი-ორჯერ მომიკაკუნა ჩემმა სიმწრით “გარეცხილმა” თირკმელმა და იმის მერე ძალიან ვფრთხილობ.
მინდა გითხრათ რომ სისტემატურად ცილა+ბოსტნეულით კვებისას დუკანის დიეტის ეფექტურობა დიდად არ მცირდება. დუკანის დროს კვირაში საშუალოდ 1 კგ-ს თუ ვიკლებდი, ახლა ასე 600-800 გრამია კლება. ასე რომ, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ასე მეტად უსაფრთხოა, თან ჩემი ბავშვობაში გადატანილი ავადმყოფობის ფონზე, ვფიქრობ სწორი არჩევანია.

იმასაც გაგიმხელთ რომ ეს არჩევანი იმის საშუალებას მაძლევს, ცოტა ვივარჯიშო კიდეც. როგორც ვიცით დუკანი მისი დიეტის დროს ვარჯიშს კრძალავს, რადგან სპეციფიური ცილოვანი კვების გამო მოსალოდნელია კუნთოვანი მასის ზრდა. დუკანი დიეტის დროს ცხიმი თუ დადნა და კუნთი მოგვემატა, რაღა გამოვა. სხეულის მასა ხომ იგივე დარჩება. ამიტომ ამ დიეტის დროს ფიზიკური დატვირთვებიდან დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ ფეხით სიარული.
მოკლედ, სამუშაო დღეებში დილაობით 15-20 წუთი ვვარჯიშობ და ეს ვარჯიში უზრუნველყოფს ჩემს კარგ ხასიათს, ენერგიულობას და სხეულის ტონუსში ყოფნას. დუკანის დროს კი ეს ყველაფერი მაკლდა. “ჩემებური დუკანის” დროს კი ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს.

მინდა გითხრათ რომ დღეს სასწორმა, როგორც სჩვევია დარღვევების შემდეგ, მწარე სიმართლე მითხრა. თურმე 10 კი არა მთელი 12 კგ მქონია მომატებული. 😥😥

თავს იმით დავიმშვიდებ, რომ ზუსტად ვიცი, თუ არ დავარღვევ კლება აუცილებლად იქნება.

და არ დავარღვევ იმიტომ, რომ დაგპირდით!!!

ასე რომ უახლოეს პერიოდში სიხარულით ველოდები სასწორზე 7-იანის დანახვას!!!

#მევარგამხდარი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s