7) განგაში…

კიდევ ერთი გადამწყვეტი ამბავი, რომელიც ჭარბ წონასთან ბრძოლის დამატებითი მოტივატორი გახდა, ერთი მშვენიერი ზაფხულის მიწურულს მანგლისში მოხდა,
სადაც ზაფხულობით ბავშვები დასასვენებლად დაგვყავდა.
სეზონის დამთავრებისას თბილისში წამოსასვლელად დაქირავებული მანქანის მძღოლმა, საოცრად კრეატიულად გადაჭრა ჩემი, ბეგემოტივით ქალის და არანორმალურად დიდი ბარგის ტრანსპორტირების ამბავი. ბავშვებისა და ჩემი მეუღლის წონას, ერთად აღებულიც კი, ვერ მოვიდოდა ჩემი და ჩემი ბარგის წონასთან. ამ ჩვენმა “კრეატიულმა” მძღოლმა, მთელი ჩვენი ზაფხულის დასვენებისთვის განკუთვნილი უამრავი ბარგი, თავისი ჯამ-ჭურჭლით, ლოგინებით, ტანსაცმლით, ველოსიპედებით, და სავარჯიშოდ წამოღებული ჰულა-ჰუპებითაც კი,  მანქანის ე.წ. ბაგაჟნიკზე, უმეტესწილად ცალ მხარეს, აახორხოლავა. სოლიდური რაოდენობის ბარგმა მანქანა ისე გადაიხარა, ცოტაც და გადაყირავდებოდა. ამის მოწმეები ცოტათი დაბნეულებიც კი ვუყურებდით, მაგრამ მძღოლი ისე დავდაჯერებულად მოქმედებდა, შეკამათება აზრადაც არავის მოგვსვლია. ბოლოს, როგორც იქნა გაგვანდო თავისი “გენიალური იდეა” და ტვირთის დასაბალანსებლად მანქანის მეორე მხარეს დაჯდომა მე შემომთავაზა!!!!!
ჩემი დიასახლისი, მეზობლები, დამსვენებლები, მათ შორის ჩემი ძალიან ახლო მეგობრებიც, ბევრი ბარგის გამო ისედაც სულ მაშაყირებდნენ და იმ დღესაც, სეზონის ბოლო დღეს, გართობის და მხიარულების მიზეზს ხელიდან როგორ გაუშვებდნენ?!
ჰოდა ამ შემოთავაზების მერე ისეთ სიცილ-ხორხოცი ატყდა, იმ მომენტში მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავვარდნილიყავი, ყველაფერს მერჩივნა….
სიმწრისგან გავწითლდი და კინაღამ, ცრემლებიც გადმომცვივდა, მაგრამ რაღა უნდა მექნა, უკან დასახევი რა გზა მქონდა?!
ზრდილობისთვის გავიღიმე და მანქანაში ჩავჯექი. ჩავჯექი მაგრამ ვაი მაგ ჩაჯდომას….
მანქანა გასწორდა??
გასწორდა კი არა, უფრო მეტად ჩემსკენ გადმოიხარა.
გარშემომყოფები კიდევ უფრო გამხეარულდნენ. მძღოლი ამაყი იყო თავისი პროფესიონალიზმით და კრეატიულობით. მე კი ვგრძნობდი რომ ქალი კი არა, მანგლისიდან თბილისში რთულად გადმოსატანი ტვირთი ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ!!!
ბოლოს, როგორც იქნა, ბავშვები ჩემსა და უთვალავ ბარგს შორის, როგორღაც ჩაეკუჭნენ. მეუღლე, როგორც ოჯახის უფროსს შეეფერებოდა წინ, მძღოლის გვერდით დაჯდა და დავიძარით. დავიძარით-თქო კი დავწერე მაგრამ, პირველივე მცდელობაზე ამას მანქანის დაძვრას ვერ დავარქმევდი. რამდენჯერმე დასჭირდა მანქანას დაქოქვა რომ როგორღაც ადგილიდან დაძრულიყო. ბოლოს როგორც იქნა მოახერხა და ბობღვა-ბობღვით, უმეტესწილად ჩემს მხარეს გადმოხრილი, როგორღაც თბილისში ჩამოვედით.

მთელი გზა ხმა არ ამომიღია.
ისევ ძალიან დათრგუნული ვიყავი….


ჩემს, პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით, უმძიმეს მდგომარეობაზე ვფიქრობდი……

ეს ფოტო, იმ შემთხვევამდე, ზუსტად რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული. ფერისცვალების ულამაზეს დღესასწაულზე,
მანგლისის ეკლესიის ეზოში.

ჩემი სურათებიდან მას ყველაზე მეტად ვერ ვიტან. მაგრამ მაინც ვასაჯაროებ. იქნებ ეს მაინც დამეხმაროს იმ უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებაში, რაც ამ სურათში სიცილის მიუხედავად, მაშინდელ ჩემს მდგომარეობას ნამდვილად ახლდა.

P.S. დუკანის კიდევ ერთმა დღემ დარღვევის გარეშე ჩაიარა. გუშინდელი ვარჯიში ისევ ჩემი არაორგანიზებულობის გამო ჩამივარდა. უბრალოდ ვერ მოვასწარი. თუმცა ჩემი შვილის დაბადების დღის საჩუქარმა, ჭკვიანმა ბრასლეტმა, უკვე მერამდენედ დამიდასტურა რომ დღეში მინიმუმ 6000 ნაბიჯს გავდივარ. ვარჯიში თუ არა, ეს ხომ მაინც ნამდვილად მეხმარება კლებაში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s